ამირან გამყრელიძემ განმარტა, სად დაასაქმებენ პენსიონერ ექიმებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, სად შეიძლება მოხდეს პენსიონერი ექიმების დასაქმება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხადია, რომ ასაკიანი ექიმები ვერ იმუშავენ რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჰოსპიტლებში, თუმცა მათი დახმარება სასარგებლო იქნება კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლავ მაღალი რჩება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი, რომელმაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 183 შეადგინა.

„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ერთ დონეზე რჩება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია - 183 შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში, რაც ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც საჭიროა სწორედ იმისთვის, რომ კოვიდიან ავადმყოფებს მოუროს. გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულები არიან თავიანთ ძირითად სამუშაოს. ამიტომ იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში მყოფი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებულები არ არიან ან პენსიაზე არიან, შეიძლება მოეძებნოთ საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტლებში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება დასაქმდნენ. ამიტომ იყო სწორედ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მოწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად იქნეს მობილიზებული ჩვენი სამედიცინო კორპუსი,“- განაცხადა გამყრელიძემ.