ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (საერთო წონით: 137 გრამი, 217 აბი და 10 ფირფიტა ) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და ქვეყანაში შემავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიმართ კონტროლის პროცედურები კვლავ გამკაცრებულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.