„ვერც ეს და ვერცერთი სხვა მთავრობა ლარის დასტაბილურებას ვერ შეძლებს“- გიორგი ქობულია

,,ვერც ეს და ვერცერთი სხვა მთავრობა ლარის დასტაბილურებას ვერ შეძლებს“ - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო პალიტრას გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშნულს ის ორ ფაქტორს უკავშირებს - კორონავირუსით გამოწვეულ ტურიზმის შემცირებას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

,,ლარის პრობლემა ნაწილობრივ არის დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან, რადგან ინვესტორებს და ბიზნესს, მსგავს გაურკვევლობაში ბუნებრივად უჩნდებათ უნდობლობა და დესტაბილიზაციის შიშით ცდილობენ გაყიდონ ლარი და იყიდონ სხვა, უფრო მყარი ვალუტა. ეს, რა თქმა უნდა. ფაქტორია, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის ფუნდამენტური პრობლემები ეკონომიკაში, რაც კოვიდთან არის კავშირში. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სავალუტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი -ტურიზმი, რომელსაც 3.5. მლრდ დოლარამდე შემოჰქონდა ქართულ ეკონომიკაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი შიდა პროდუქტი არ აღემატებოდა 17 მლრდს, ყველასათვის მარტივად გასაგებია, თუ რა როლი ჰქონდა ტურიზმს საქართველოსათვის. მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტისათვის მადნეულია, რომლის წილიც სამჯერ ნაკლებია ტურიზმთან შედარებით.

ხალხს ჰგონია, რომ შეიძლება ლარის კურსის დასტაბილურება, მაგრამ ეს ასე არ არის. ვერც ეს და ვერცერთი სხვა მთავრობა ვერ შეძლებს ლარის გამყარებას. ერთადერთი მექანიზმი არის, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს დოლარის გაყიდვა და ეს რესურსიც ძალიან მალე ამოწურვადია. ამის შემდეგ დაიწყება შეუქცევადი გაუფასურება. ამიტომაც ეროვნული ბანკის მიდგომა აბსოლუტრად მართებულია, როცა ლარს ტოვებს თავისუფალ მცურავ რეჟიმში“,-განაცხადა, გიორგი ქობულიამ.

თამარ მუკბანიანი