„რა პროგნოზიც გვქონდა,  იმაზე უფრო სერიოზული შედეგი მივიღეთ“ -  „კოკა-კოლა“ „მთის წყალს“ მინის ბოთლითაც გამოუშვებს

„რა პროგნოზიც გვქონდა, იმაზე უფრო სერიოზული შედეგი მივიღეთ“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დაფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ „მთის წყალზე“ საუბრისას განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, პროდუქტმა იმდენად გაამართლა, რომ კომპანია უკვე ახალ პროექტზეც მუშაობს, რომლის მიხედვითაც, 1 თვეში „მთის წყალი“ საქართველოსა და აზერბაიჯანში მინის ბოთლებითაც გაიყიდება.

ცნობისთვის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ „მთის წყალი“ მიმდინარე წლის ზაფხულში გამოუშვა. როგროც თემურ ჭყონია განმარტავს, წყალი უნიკალურია, რადგან ყველაზე დაცული საბადოებიდან მოიპოვება.

„მთის წყალმა“ ძალიან გაამართლა ჩვენი იმედები. რა პროგნოზიც გვქონდა, იმაზე უფრო სერიოზული შედეგი მივიღეთ. ახლა უკვე ერთ თვეში მინის შეფუთვითაც გამოვუშვებთ. ეს იქნება ისეთი ზომის ჭურჭელი, რომელიც ბაზარზე არ არის. საუბარია, 0.75 ლ მინის ბოთლზე. ახლა სწორედ ამ პროექტზე ვმუშაობთ და 1-ლი დეკემბრისთვის, საახალწლოდ გაეშვება ქსელებში. მომარაგდება როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი“,-აცხადებს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება მის ღირებულებას, ბიზნესმენის თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და პროდუქტის ღირებულება სრულ შესაბამისობაში იქნება.

„პროდუქტის ღირებულება ჯერ-ჯერობით არ დაგვიზუსტებია. ველოდებით სხვადასხვა მომწოდებლებისგან ფასებს. ტექნოლოგიურად სრულიად გამართული ვართ. უბრალოდ, დეტალები ზუსტდება. ყოველ შემთხვევაში, ბაზარზე მოთხოვნილება და ფასი შესაბამისი იქნება“,- აცხადებს თემურ ჭყონია.

ნინი ქეთელაური