ქართული პროდუქტების პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 18 მეწარმე სუბიექტის პროდუქცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში 25 არაქსელური მაღაზიაში სპეციალურ სტენდებზე ოქტომბრის ბოლოდან უნდა გამოჩენილიყო, თუმცა პროექტის განხორციელება 20 ნოემბრამდე გადაიდო.
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიზეზი დროში გაწელილი ბიუროკრატიული პროცესია.
,, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარდგენა იქნება შემდეგ კვირაში. ქართული პროდუქციის დახლები დედაქალაქის უბნებში კი 20 ნოემბრიდან გამოჩნდება. ვგეგმავთ პრეზენტაციას და გაშუქებას, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოების ფართო მასებს.
ერთი თვით გადადების მიზეზი დროში გაწელილი ბიუროკრატიული ხელშეკურიებების დადების პროცესია“,-განაცხადა ჭელიძემ.
პროექტს, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია The USAID Agriculture Program-თან ერთად განახორციელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ მიზნით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მოლი - Extra.ge, რომელიც სასურველი მომსახურებისა და პროდუქტების შეძენისა და სახლიდან გაუსვლელად მიღების შესაძლებლობას იძლევა, პროექტის გაყიდვებისა და ლოჯისტიკის ნაწილს უზრუნველყოფს.