თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა რისკის ფაქტორები აქვთ

გაძლიერდება სასტუმროების როლი. სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროებში ის პაციენტები განთავსდებიან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ, თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორები აქვთ და დაკვირვებაა საჭირო.

მისივე თქმით, სასტუმროებში პაციენტს გამოკვლევებიც ჩაუტარდება და თუ საჭირო იქნება მსუბუქი მკურნალობაც.

„სასტუმროები თუ აქამდე ერთგვარად ბინის ექვივალენტის როლს ასრულებდნენ და ბინასა და სასტუმროებში განაწილება ხდებოდა იმის მიხედვით, ვის არ ჰქონდა ბინაში იზოლაციის პირობები, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის, არამდე მოვლის და მკურნალობის თვალსაზრისით. სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. ესეც საქართველოს "ნოუ ჰაუ"-ა. არცერთ ევროპულ ქვეყანაში, არც აშშ-ში მსგავსი რამ არაა და იქ სასტუმრო მხოლოდ საკარანტინე ფუნქციებს ასულებს. ესაა დღევანდელი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი და სამომავლოდ გათვალისწინებულია, რომ ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი იყოს აღჭურვილი სათანადო ცოდნით ბინაზე დატოვებული კოვიდ პაციენტების სამართავად.