Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა ილონ მასკმა პირობა შეასრულა - საკუთარი ბრენდით, პოპულარული სასმელი ტეკილა გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბოთლი Teslaquila 250 დოლარი ღირს, მისი პირველი პარტია რამდენიმე საათში გაიყიდა.
საინტერესოა, რომ მასკმა პირველად „ტესლაკილას“ იდეა 2018 წლის 1-ელ აპრილს გამოაქვეყნა საკუთარ ტვიტერზე. რა თქმა უნდა, ეს მას ხუმრობად ჩაუთვალეს. მაგრამ როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, სილიკონის ველის მილიარდერი არასდროს ხუმრობს.
თუმცა რამდენიმე თვეში მასკმა ტეკილას მწარმოებელი ბრენდის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა და მაშინ ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხუმრობა არ იყო. ტეკილას მექსიკელმა მწარმოებლებიც შეწუხდნენ, რომლებმაც სასმელის დასახელებაში, სიტყვა ტეკილას გამოყენება გააპროტესტეს. მათი არგუმენტი ის იყო, რომ „ტეკილა“ საკუთრების უფლების სტატუსს ექვემდებარება და მისი გამოყენება გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვს.
ასე იყო თუ ისე, მასკმა თავისი გაიტანა. თუმცა, როგორც Tesla აცხადებს, მისი ტეკილა აშშ-ის მხოლოდ რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში გაიყიდება.
Tesla-ს დაკვეთით, სასმელს კომპანია Nosotros Tequila აწარმოებს. აგავეს ტეკილა añejo (ანეხო) ფრანგული მუხის კასრებში ძველდება. მასში გამოყენებულია მშრალი ხილის არომატი, აქვს ვანილის მსუბუქი არომატი და დარიჩინის წიწაკით არის დაბალანსებული.