„პოლიტიკური ფაქტორი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა, მისი წილი ლარის გაუფასურებაში, შეიძლება იყოს 10-15%.
ამიტომ ეს არის პირდაპირი ტყუილი, როდესაც ლარის სისტემური გაუფასურება ამას ბრალდება. ეს არის საკმაოდ უხარისხო ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ ყველა თავისი პრობლემა, თავისივე უხარისხო მუშაობა, პოლიტიკას დააბრალოს. ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი მაინც წმინდა ეკონომიკურია. გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორში გარღვევა, ეს არის სისტემური გარღვევა, რადგან მარტო ამ ხელისუფლების დრო არ არის. იმპორტ-ექსპორტის სალდო გვაქვს მკვეთრად უარყოფითი და იმ პირობებში როდესაც მოლოდინები ტურიზმიდან, პირდაპირი ინვესტიციებთან დაკავშირებით და პირდაპირ ქეში ნაკადები არის შემცირებული, მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი იზრდება და შესაბამისად, გვაქვს არსებული სურათი. 600 მლნ დოლარზე მეტი გაყიდეს უკვე რომ კურსი დაეჭირათ. ეს რომ არ ყოფილიყო და ხელოვნურ სუნთქვაზე არ აეყვანათ, წარმოიდგინეთ ლარი უკვე რა დღეში იქნებოდა. მაგრამ ეროვნული ბანკის ამ ინტერვენციებს შეუძლია მხოლოდ დროებით გადააგოროს პრობლემა, ეს სისტემურად ვერ მკურნალობს.
როდესაც კორონაკრიზისთან დაკავშირებული პრობლემები იწყებოდა, მაშინ ვთქვი რომ უნდა დავიწყოთ სასწრაფოდ ეკონომიკი მოდერნიზაცია, რადგან მარტივად პროგნოზირებადი იყო, რომ მოლოდინები ტურიზმთან და პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა რეალიზებული. ჩვენ გვჭირდებოდა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ანუ რეალური სექტორის მაქსიმალურად ხელშეწყობა და ინვესტირება. თუ რამე შეეძლო ქვეყანას და იღებდა კრედიტებს, ამით კრიტიკული სამომხმარებლო კალათა რასაც იმპორტზე ვიღებთ, საქართველოში უნდა გვეწარმოებინა, უნდა დაგვეწყო მაინც. ჩვენ რომ თუნდაც კრიტიკული სამომხმარებლო კალათის რაღაც პოზიციების წარმოება დაგვეწყო ქვეყანაში ამის მნიშვნელობა მარტო კურსს კი არ უკავშირდება და სალდოს გასწორებას, არამედ უკავშირდება თუნდაც სამუშაო ადგილების გენერაციას და მეორეს მხრივ წმინდა უსაფრთხოების საკითხებია. გლობალური ეკონომიკა შეფერხებით მუშაობს. ჩვენ რომ დაგვჭირდეს ქვეყნის იზოლაცია, შესაძლოა, დეფიციტი გაგვიჩნდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაში,“-განაცხადა ხუხაშვილმა.