31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მეტიც, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ და ამ მიზნით რამდენიმე აქციაც გამართეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა შემოსავალს იღებს და როგორია თამარ ჟვანიას ფინანსური მდგომარეობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2019 წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 136 350,96 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას ჟვანიამ შემოსავლის სახით, ორი თვის პერიოდში 1 650 ლარი მიიღო.
რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ჟვანია ფლობს 148,99 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს 117 000 დოლარად შეიძინა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 14 058 ლარი; 100,42 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 17 000 დოლარი ჰქონდა, რომელიც ბინის გაყიდვის საფუძველზე აქვს მიღებული.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ცესკოს თავმჯდომარის გასავალმა ფერწერული ნამუშევრების შეძენის მიზნით, 2 800 დოლარი; იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით კი - 15 831,04 ლარი შეადგინა.
თამარ ჟვანიას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დუშეთში, ასევე ამავე მისამართზე მდებარე 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Lexus GX. ამასთან, ჟვანიას მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 528,78 ლარი ჰქონდა. ხოლო მისმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 15 847,49 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება შვილებს, დეკლარაციის თანახმად, ჟვანიას ვაჟი ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes E 350-ს. გოგოს რაც შეეხება, მისმა შემოსავალმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე 13 644 ლარი შეადგინა. ამასთან, მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1503,53 ლარი ჰქონდა.