კორონავირუსის ვაქცინების მომავალი ბაზარი ექსპერტებმა 10 მილიარდ დოლარად შეაფასეს წელიწადში. ამის შესახებ The Guardian-ი Morgan Stanley-სა და Credit Suisse-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
ეს ბანკები საკუთარ პროგნოზებში ვარაუდობენ, რომ ადამიანებს კოვიდისგან ვაქცინირება ყოველ წელს მოუწევთ, ისევე როგორც გრიპის შემთვევაში, ხოლო ერთი დოზის საშუალო ფასი 20 დოლარი იქნება.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი მეთიუ ჰარისონი თვლის, რომ თუ კორონავირუსისგან აიცრება იმდენივე ადამიანი, რამდენიც გრიპისგან, ფარმაცევტული კომპანიების მოგება შტატებში, ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში წლიურ 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ექსპერტი ვაქცინის ერთი დოზის წარმოებას 5-10 დოლარის ფარგლებში პროგნოზირებს. ბაზრის მოცულობა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა ვაქცინაცია ყოველწლიურად სავალდებულო, ასევე თავად ვაქცინის ღირებულებაზე, შედეგად კი მსოფლიოს მასშტაბით ის შეიძლება 25 მილიარდ დოლარამდეც გაიზარდოს.
ამასთან, Credit Suisse-ის ანალიტიკოსი ევან სეიგერმანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ამერიკის ბაზარს შეუძლია მიაღწიოს 10 მილიარდ დოლარს, ეს ფასი კი მიღებულია Pfizer-ის ვაქცინის სავარაუდო ფასიდან, რომელიც 19,5 დოლარი ღირს და დაახლოებით 330 მილიონი ყოველწლიურად ასაცრელი ადამიანების რაოდენობიდან, ისე რომ, ორი დოზით აიცრან წელიწადში.
AstraZeneca-ს ვიცე-პრეზიდენტი მენე პანგალოსის განცხადებით, მათი ფარმაკომპანია იმედოვნებს, რომ ვაქცინა, რომელიც მუშავდება ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთობლივად, სულ ცოტა 1 წელიწადი დაიცავს ადამიანებს კორონავირუსისგან.
მაისში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესამუშავებლად 84 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, საიდანაც 65,5 მილიონი AstraZeneca-სა და ოქსფორდის კვლევებისკენ მიემართა. დამატებით 18,5 მილიონი კი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯმა მიიღო, რომელიც ასევე მუშაობს ვაქცინაზე.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ AstraZeneca-სთან კონტრაქტი 300 მილიონი დოზის მიწოდებაზე გააფორმა, რაშიც 1,2 მილიარდი გადაიხადა. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება 350 მილიონი დოზა ვაქცინის შესასყიდად 6 სხვადახვა კომპანიასთანაც. როგორც მოსალოდნელია, AstraZeneca გახდება ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც უკვე წლის ბოლომდე ექნება მზა ვაქცინა და გააკეთებს განაცხადს მისი გამოყენების ნებართვაზე.
AstraZeneca-მ და ამერიკულმა Johnson&Johnson-მა პანდემიის დროს განაცხადეს, რომ ისინი ვაქცინას არაკომერციულ საფუძვლებზე ქმნიდნენ, ხოლო Pfizer Inc და Moderna Inc, პირიქით - ისინი ერთ დოზაში 30 დოლარამდე შემოსავალს ელოდებიან. AstraZeneca თითო ვაქცინაში 3-4 დოლარს მიიღებს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისგან საფასურს პანდემიის დასრულების შემდეგ ელოდება.