კომპანიამ Facebook Inc-მა, რომელსაც ეკუთვნის ამავე სახელწოდების სოციალური ქსელი, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეკლამიდან 22%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კომპანიის სარეკლამო შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,22 მლრდ დოლარი შეადგინა. Facebook-ის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 7,87 მლრდ დოლარი, რაც 29%-ით მეტია წინა წელზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პანდემიამ დააჩქარა ოფლაინ-ვაჭრობის ონლაინ-ვაჭრობაზე გადასვლა, შედეგად კი გაიზარდა მოთხოვნა რეკლამაზე. ონლაინ-ვაჭრობა ჩვენი ყველაზე მსხვილი სეგმენტია რეკლამებში და ახალ ტენდენციას შეუძლია შემოსავლების ზრდა უკვე 2021 წელსაც“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის შემოსავლები გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ მის სარეკლამო მომსახურებაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა: Unilever-ი და Coca-Cola, რომლებმაც ბოიკოტი ივლისში გამოაცხადეს, სოციალური ქსელის მხრიდან სიძულვილის ენის გავრცელების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამო.
ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს Facebook-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 1,82 მლრდ ადამიანამდე გაიზარდა, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 12%-ით მეტია. ჯამში კი, კომპანიის ყველა სერვისით - Instagram, WhatsApp და Messenger, სარგებლობს 2,54 მლრდ ადამიანი დღიურად, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 15%-ით მეტია.