„ქვეყნის იზოლაცია რომ დაგვჭირდეს, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაში შესაძლოა, დეფიციტი გაჩნდეს“

„ქვეყნის იზოლაცია რომ დაგვჭირდეს, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაში შესაძლოა, დეფიციტი გაგვიჩნდეს,“ - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„როდესაც კორონაკრიზისთან დაკავშირებული პრობლემები იწყებოდა, მაშინ ვთქვი, რომ უნდა დავიწყოთ სასწრაფოდ ეკონომიკის მოდერნიზაცია, რადგან მარტივად პროგნოზირებადი იყო, რომ მოლოდინები ტურიზმთან და პირდაპირ ინვესტიციებთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა რეალიზებული. ჩვენ გვჭირდებოდა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ანუ რეალური სექტორის მაქსიმალურად ხელშეწყობა და ინვესტირება.

თუ რამე შეეძლო ქვეყანას და იღებდა კრედიტებს, ამით კრიტიკული სამომხმარებლო კალათა რასაც იმპორტზე ვიღებთ, საქართველოში უნდა გვეწარმოებინა, უნდა დაგვეწყო მაინც. ჩვენ რომ თუნდაც კრიტიკული სამომხმარებლო კალათის რაღაც პოზიციების წარმოება დაგვეწყო ქვეყანაში, ამის მნიშვნელობა მარტო კურსს კი არ უკავშირდება და სალდოს გასწორებას, არამედ უკავშირდება თუნდაც სამუშაო ადგილების გენერაციას და მეორეს მხრივ წმინდა უსაფრთხოების საკითხებია. გლობალური ეკონომიკა შეფერხებით მუშაობს. ჩვენ რომ დაგვჭირდეს ქვეყნის იზოლაცია, შესაძლოა, დეფიციტი გაგვიჩნდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაში,“-განაცხადა ხუხაშვილმა.

თაია არდოტელი