ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ დაწესდეს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„მაია ცქიტიშვილმა უკვე მოგახსენათ დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების შემდგომ გამკაცრებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი არ გაჩერდება, ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არაევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“,-განაცხადა გამყრელიძემ.