ყველასათვის ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი შონ კონერი 90 წლის ასაკში 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას მაყურებლები ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლით იცნობდნენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ულამაზესი მდიდრული ვილა, რომელიც მსახიობს წლების განმავლობაში ეკუთვნოდა და ხშირად სტუმრობდა, იყიდება.
CNN-ის ინფორმაციით, სახლი 35 მილიონ აშშ დოლარად იყიდება, რაც მისი მდებარეობის, ინტერიერისა და მოწყობის გათვალისწინებით, ძალიან იაფია.
სახლი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცნობილ კურორტ საფრანგეთის რივიერაში მდებარეობს.
გამოცემის ცნობით, სახლს უნიკალური მდებარეობა აქვს, საიდანაც ოთხივე მხარეს ბუნების უალამაზესი პეიზაჟი იშლება.
სახლის ფართობი 1000 კვ. მეტრია, სადაც ერთი სართული მთლიანად მისი მფლობელის საძინებლისთვისაა დათმობილი. მის გარშემო ულამაზესი ბაღია გაშენებული, სადაც იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეების ხილვაა შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, მდიდრულ ვილას საკუთარი მარანი და სპორტული დარბაზი აქვს.
ამასთან, სახლში უზარმაზარი აუზია მოწყობილი, რომლის ერთი კედელიც მთლიანად მინისგანაა დამზადებული და ბუნების ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.