როგორი იქნება ტურიზმის ინდუსტრია პანდემიის შემდეგ

კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. პლანეტის მასშტაბით დაწესდა ახალი რეგულაციები, მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, უამრავი კომპანია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და სხვა. ერთ-ერთი დარგი, რომელსაც კორონავირუსმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, არის ტურიზმი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაიკეტა საზღვრები, გაუქმდა ათასობით ავიარეისი, დაიხურა სასტუმროები და სხვა.

გამოცემა Euronews-ის მიხედვით, პანდემიის დასრულების შემდეგ ტურიზმის სფეროში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება და ტურიზმის სფერო, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით, აღარ იარსებებს.

გთავაზობთ იმ ძირითად სიახლეებს, რომლებიც პანდემიის შემდეგ ტურიზმის სფეროში დამკვიდრდება.

მოგზაურობა გახდება უფრო გააზრებული

Euronews-ის ინფორმაციით, პანდემიამდე არაერთი ჩვენგანი გაუაზრებლად მოგზაურობდა და ერთხელ ნანახ ადგილს რამდენჯერმე სტუმრობდა. ამასთან, მოგზაურობისას უამრავ ფულ ხარჯავდა არასაჭირო ნივთებში. მათი თქმით, პანდემიის შემდეგ ადამიანები შეეცდებიან უკეთ გააანალიზონ და გაიაზრონ მათი მოგზაურობის საჭიროება.

ტურისტები ხალხმრავალ ადგილებს მოერიდებიან

გამოცემის მიხედვით, დისტანციის დაცვა და იზოლაცია ადამიანების ფსიქოლოგიაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება და ხალხმრავალი ქალაქების მონახულების ნაცვლად ისინი წყნარ ადგილებს ამჯობინებენ. შედეგად კი გადატვირთულ ტურისტულ ადგილებში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩადიოდა, მოთხოვნა შემცირდება.

ეკო-ტურიზმი

ადამიანებმა პანდემიის დაწყების დღიდან გააცნობიერეს ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა. არაერთ ქვეყანაში კარანტინის გაუქმების შემდეგ ბუნებაში დაგეგმილი ტურები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოცემის ცნობით, ეს ტენდენცია პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება და ადამიანები ბუნებას უფრო დააფასებენ.

დისტანციური სამუშაო და მოგზაურობა

Euronews-ის მიხედვით, პანდემიამ დაგვანახა, რომ უამრავი საქმის გაკეთება დისტანციურად შეგვიძლია და მსგავს რეჟიმზე უამრავი კომპანია გადავიდა. შედეგად მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახდა შესაძლებელი.

მომავალში ადამიანები უპირატესობას მიანიჭებენ უცხო ქვეყნებში რამდენიმე თვით გადასახლებას, იქიდან მუშაობას და პარალელურად ქვეყნის დათვალიერებას.

შიდა ტურები

პანდემიის პირველი ტალღის დროს, როდესაც საზღვრები ჩაიკეტა მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ უცხოეთში მოგზაურობის ნაცვლად, მათ გარშემოც ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი არსებობს, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ.

გამოცემის მიხედვით, პანდემიის დასრულებიდან ეს ტენდენცია დარჩება და შიდა ტურები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბექა ბერიაშვილი