ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ბათუმს კონკურენციას სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია) და ბიდგოშჩი (პოლონეთი) უწევდა. წელს, პანდემიის გამო World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, გასულ წელს კი მას პორტუგალიამ უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც, როგორც საქართველოს წამყვანმა ეროვნული პარკმა მიიღო. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ნომინირებული იყო ბათუმის ბულვარიც. ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ბულვარი ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლის, აკროპოლისისა და ირლანდიის ემიგრაციის მუზეუმის გვერდით იყო დასახელებული, სადაც გამარჯვება ემიგრაციის მუზეუმმა მოიპოვა.
World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.