,,ვიცით, რომ ვიმუშავებთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ. ეს დეტალები ახლა ზუსტდება მთავრობასთან“ , - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ეს დეტალები ახლა ზუსტდება. იციან, რომ რესტორნის სამზარეულოები იმუშავებს, თუმცა ზუსტი პროტოკოლი ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
,,დღეს, ამ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს მთავრობასთან, როგორ მოხდება სამზარეულოების მუშაობა. სპეციალური საშვები იქნება სამზარეულოში სამუშაოდ, მანქანებზე იქნება ეს საშვები, თუ კონკრეტულ პიროვნებებზე. ვიცით, რომ ვიმუშავებთ, მაგრამ როგორ, ვერ გეუბნებით “-, განაცხადა გაბრიჩიძემ.
საკურიერო მომსახურება რომ დაშვებული იქნება, ,,ბიზნსესპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს, თუმცა დამატებით კითხვებზე, როგორ იმუშავებენ ობიექტები, რომლებიდანაც კურიერებმა საკვები უნდა მიიტანონ, ადმინისტრაციაში პასუხისაგან თავი შეიკავეს.
კითხვაზე პასუხი არ იციან, არც თავად მიტანის სერვისის კომპანიებში ,,გლოვო“ და ,,ვოლტი“ .
,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, კომპანიებში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება გადაადგილება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი.