20 000 ტონით ნაკლები - როგორი იქნება ციტრუსის მოსავალი წელს

გასულ წელთან შედარებით წელს ციტრუსის მოსავლი 20 000 ტონით ნალები, 40 000 ტონა იქნება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

გიორგი სურმანიძის თქმით, მოსავლის შემცირებას ორი მიზეზი აქვს, მეწლეურობა (რაც მრავალწლოვან კულტურებს ახასიათებს) და ასევე გასულ წელს ანომალიური ყინვები, რამაც ნარგავები დააზიანა.

,,წელს, აჭარაში 40 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, რაც გასულ წელთან შედარებით 20 000 ტონით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებელი და შესაბამისად, ველოდებით ფასის ზრდასაც. რაც შეეხება მოსავლის კლებას, ეს განპირობებულია ორი ფაქტორით, პირველია მეწლეურობა რომელიც ახასიათებს არა მხოლოდ ციტრუსს, არამედ ყველა მრავალწლოვან კულტურას და მეორეა ანომალიური ყინვები ქობულეთის დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 50 მეტრ სიმაღლემდე. რის შედეგადაც თებერვალში მოხდა ციტრუსის დაზიანება და ამან გამოიწვია მოსავლის შემცირება“,- თქვა სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სტანდარტული ციტრუსის მინიმუმ 50% ექსპორტზე გავა. მისი თქმით, წელს ქართველ ფერმერებს გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩებათ.

,,საექსპორტო ბაზრები განსაზღვრავს ჩვენი აგრარული სფეროს წარმატებას. წელს ტრადიციული საექსპორტო ბაზრები ნარჩუნდება. 40 000 ტონა მოსავლიდან დაახლოებით 6-7 ათასი ტონა გვექნება არასტანდარტული ციტრუსი, დარჩენილი 30-32 ათასი ტონა ციტრუსიდან კი ჩვენი ექსპორტიორები უკვე წინსწრებით არიან შეთანხმებული 15 000 ტონის გატანაზე საექსპორტო ქვეყნებში და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. სტანდარტული ციტრუსის 50% რომ ექსპორტზე გავა, ამის თქმა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია. წელს გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩება ქართველ ფერმერს, როგორც აჭარაში ასევე გურიასა და სამეგრელოშიც.

პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე მზარდია ციტრუსზე მოთხოვნა, რადგან ის С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია. ამიტომაც, თუ მოხდება სწორი მარკეტინგი და მუშაობა, ჩვენს ექსპორტიორებს შეუძლიათ ეს იყოს მათთვის ძალიან წარმატებული წელი. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ კორონა შეზღუდვები მათ ხელს არცერთ შემთხვევაში არ შეუშლით არც რეალიზაციასა და არც პროდუქტის ქვეყნიდან გატანაში. სახელმწიფო ვერ ჩაერევა კონკრეტული საწარმოების მუშაობაში და ვერც ფასწარმოქმნაში, თუმცა ბაზრის ანალიზის და დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა“, - აცხადებს ის.

გიორგი სურმანიძის თქმით, გასული წლის მსგავსად, არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება წელსაც მოხდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

,,რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს, ჩვენ უკვე გამოვყავით 2020 ბიუჯეტში 500 000 ლარი მისი სუბსიდირებისათვის. 10 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ საწარმო, რომელიც სრულ მზადყოფნაშია და ნოემბრის 25-27-დან დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიღებას“, -თქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, 2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთში – 20 000 ტ. უკრაინაში – 5 200 ტ.• სომხეთში – 4 400 ტ.

თამარ მუკბანიანი