„იტალიელი ექიმების საზოგადოება“ აცხადებს, რომ საყოველთაო კარანტინის დაწესების გარეშე ქვეყანაში ვირუსს კიდევ 10 000-მდე ადამიანი შეეწირება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში საავადმყოფოებს პაციენტებისთვის ადგილების გამოძებნა უჭირთ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რიგში დგანან. ქალაქ ნეაპოლის ერთ-ერთი საავადმყოფოს გარეთ შაბათ-კვირას მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას საკუთარ მანქანებში უწევდნენ. ერთ-ერთ პაციენტს, 78 წლის ქალბატონს კი საავადმყოფოში შეყვანამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში 26 საათიანი ლოდინი დასჭირდა.
იტალიაში კვირას კორონავირუსის 32 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 935 000-ს აჭარბებს. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 331 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 41 394-ს მიაღწია.