აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდებულ ახალ ამბავს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ საყოველთაო ვაქცინაციამდე თვეებია დარჩენილი და სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია.
„დღეს გავრცელებული ახალი ამბავი დიდებული სიახლეა, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები უცვლელი რჩება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. კომპანიები განმარტავენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.