კომპანია, რომელიც ბრუნვისა და შემოსავლების მხრივ საქართველოს უმსხვილეს საწარმოთა ჩამონათვალშია, უკვე მეორე წელიწადია ზარალზე გადის.
“მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიამ", რომელიც ბაზარზე „კარფურის“ ბრენდით ოპერირებს, 2019 წელი 32,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 27 მლნ ლარი იყო.
როგორც კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა - 473,688 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 20 მლნ ლარით მეტია 2018 წლის მონაცემთან შედარებით (2018 წელი - 454,775 მლნ ლარი). 473,688 მლნ ლარიდან საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 454,209 მლნ ლარი იყო. ანგარიშგების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება - 381,234 მლნ ლარი; ხოლო საერთო მოგება - 92,454 მლნ ლარი იყო.
ანგარიშგების თანახმად, კომპანიის საოპერაციო ხარჯებმა გასული წლის ბოლოს 87,837 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წლის მთლიანი სრული ზარალი კი 32,522 მლნ ლარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში, “კარფურის” საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 87,837 მლნ ლარი, აქედან, პერსონალის შენახვა 33,620 მლნ ლარი დაჯდა, მაღაზიების საიჯარო გადასახადები 7, 389 მლნ ლარი; აქტივების ცვეთისა და გაუფასურებით მიყენებული ზარალი 13,002 მლნ ლარი იყო; ტექნიკური მომსახურების ცენტრის ხარჯი 6, 649 მლნ ლარი; კომუნალური ხარჯები - 4,822 მლნ ლარი, სარეკლამო და საპრომოციო ხარჯებმა კი 2,518 მლნ ლარი შეადგინა.
როგორც „კარფურის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილი იყო 19 ობიექტით:
ამასთან, 2019 წლის ბოლოსთვის კომპანიის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 18 მილიონს. თანამშრომლების საერთო რაოდენობამ კი 2,303 ადამიანი შეადგინა.
"კომპანია არის ზარალიანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძირითადად განპირობებულია მშობელი კომპანიისგან აღებული, აშშ დოლარში დენომინირებული სესხებიდან გამომდინარე ფინანსური ხარჯებით, სხვაგვარად კომპანიას აქვს ჯანსაღი ფულადი ნაკადები, რასაც ამტკიცებს 2019 წლის განმავლობაში მშობელი კომპანიის სესხის ნაწილობრივი დაფარვა 37,400 ათასი ლარის ოდენობით და EBRDის სესხის სრული დაფარვა 7,800 ათასი ლარის ოდენობით.
წინა წლების ზარალების მიუხედავად, კომპანიას აქვს აგრესიული ზრდის სტრატეგია (კომპანიამ გახსნა 6 პატარა მაღაზია 2019 წელს), რაც დაგეგმილია რომ გაგრძელდეს 2020 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ", - აღნიშნულია "კარფურის" აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.
ამასთან, ფინანსურ ანგარიშგებაში საუბარია covid-19-ის გავლენაზეც: „COVID-19-ის აფეთქებას არ ჰქონია არსებითი გავლენა კომპანიაზე, სააღდგომო არდადეგების განმავლობაში მხოლოდ 2 ჰიპერმარკეტი დაიხურა - შემოსავლის ზოგადი მცირე შემცირება არის მოსალოდნელი, თუმცა ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, მაგ. EBIT მოსალოდნელია რომ დარჩება სტაბილური და გამოიყენებს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის სქემებს.
კომპანიამ მიიღო მხარდაჭერის წერილი მშობელი კომპანიისგან რომელიც მიანიშნებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მშობელი კომპანია უზრუნველყოფს დამატებით ფინანსურ და/ან სხვა მხარდაჭერას, რათა მხარი დაუჭიროს საწარმოს ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების გეგმებს.
ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე, კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ COVID-19-ის პანდემიას და შედეგად ქვეყნის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის შემცირებას, ასევე უარყოფით განვითარებას გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არ ექნება არსებითი გავლენა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და ფინანსურ შედეგებზე და, მაშასადამე არ არსებობს არსებითი გაურკვევლობები, რომლებმაც შეიძლება არსებითი ეჭვის ქვეშ დააყენოს კომპანიის უნარი გააგრძელოს საქმიანობა უწყვეტი ფუნქციონირების პრინციპის მიხედვით“, - წერია ანგარიშგებაში.
ცნობისთვის, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვაა. კომპანია არის შპს Majid Al Futtaim Hypermarkets-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს.
2019 წლის კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი - 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ზე მეტია.