კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო.
ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 4 დოლარით (+ 10,14%) გაიზარდა და ბარელზე 43,45 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 4,05 აშშ დოლარით (+ 10,9%) გაიზარდა ნიუ-იორის საფონდო ბირჟაზე WTI ნედლი ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება და ბარელზე 41,19 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინა ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.
კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.
Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.