ბიუ-ბიუს გაყიდვები 5%-ით ისევ შეუმცირდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპრესნისუთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია, რის გამოც, მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა.
რევაზ ვაშაკიძის თქმით, სწორედ ამიტომ, პროდუქტი არ გაძვირებულა, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. „ბიუ-ბიუს“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შიდა გაყიდვების შემცირების საპირწონედ კომპანიამ აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობა გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე „ბიზნესპრესნიუსთან“ რევაზ ვაშაკიძე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა. თუმცა, ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა იქონია.
თუმცა მოგვიანებით, რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ფასის მომატება მათ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო გადაიდო. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული დაბალხარისხიანი, წყლით სავსე პროდუქცია ძალიან დაბალ ფასში იყიდება, შესაბამისად, „ბიუ-ბიუზე“ მოთხოვნა დაახლოებით, 10-15%-ით შემცირდა. დღეს კი ვაშაკიძე ამბობს, რომ მოთხოვნა მხოლოდ 5%-ით შემცირდა.
„პანდემია ძალიან ცუდად ისახება ბიზნესზე. ჩვენ გვქონდა საუბარი ფასის მომატებაზე, მაგრამ ხალხის შემოსავალი ძალიან მცირდება და გაყიდვებიც ეცემა. რეალიზაცია დაახლოებით 5%-ით შეგვიმცირდა. ამიტომ, ექსპორტის მიმართულება გავააქტიურეთ. აზერბაიჯანში ისედაც გავდიოდით, მაგრამ 2 თვეა, რაც გავზარდეთ საექსპორტო პროდუქციის მოცულობა“ ,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.