თბილისის აეროპორტში ტაქსით გადაადგილება ღამის საათებში არ შეიზღუდება - რომელი კომპანია მოემსახურება მგზავრებს

თბილისის აეროპორტში ტაქსით გადაადგილება ღამის საათებში არ შეიზღუდება.

კომპანია Bene Exclusive-მ, რომელსაც თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს, მგზავრების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა უკვე მოაგვარა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიურად კვლავ “ბენე ექსკლუზივის” ავტოტრანსპორტი მოემსახურება, თუმცა თავად მგზავრს ღამის საათებში გადაადგილებისათვის საჭირო ნებართვა უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. მგზავრებმა კი, რომელთაც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით უწევთ მგზავრობა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზზე 144 (1) და რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე შეძლებენ ერთჯერადი ნებართვის მიღებას, რომლის საშუალებითაც ის და მისი თანმხლები პირები სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილდებიან.

კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები თბილისის აეროპორტის მგზავრებს ექსკლუზიურად 2019 წლის ოქტომბრიდან ემსახურებიან. კომპანიამ 2019 წლის ივლისში TAV Georgia-ს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi ახორციელებდა.

თავად Bene Exclusive საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ის Bene Group -ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს.

რაც შეეხება კომპანია Bene Group-ს, რეესტრის 2020 წლის 15 სექტემბრის ამონაწერით, კომპანიის 60%-იან წილს - ზურაბ ბასილია, 20%-20%-იან წილებს კი მიხეილ ნამადოვი და მაკა ცქიტიშვილი ფლობენ. კომპანიის დირექტორია გიორგი გოგლიძე.