რა გავლენა ექნება ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებას საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე - ანალიტიკოსის შეფასება

გუშინ, გვიან ღამით ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანს პირდაპირი გასასვლელი ექნება ნახიჩევანზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.

ამით ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში დაიკლებს და იქნება ეკონომიკური დანაკარგებიც - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, თუ შეთანხმების შედეგად კონფლიქტი ნამდვილად ამოიწურა და სომხეთში შიდა დაძაბულობა ფართომასშტაბიან სახეს არ მიიღებს, პარალელურად, უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიის საინვესტიციო მომხიბვლელობის ზრდას.

,,ყველაზე სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი იქნება შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიდან გამომდინარე. საიდანაც ირკვევა, რომ პირდაპირი გასასვლელი კეთდება აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანზე, რომელიც თავის მხრივ ესაზღვრება თურქეთს და ამით ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საგრძნობლად სუსტდება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ინტეგრაციის ქვეყნები არიან და ჩვენ ვიყავით ერთადერთი პირდაპირი საკომუნიკაციო გზა, როგორც სავაჭრო, ისევე ენერგო მატარებლების კუთხით. ახლა კი, ეს ყველაფერი შეუძლიათ პირდაპირ განახორციელონ ჩვენი გვერდის ავლით. რაც ბუნებრივია, ასუსტებს ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციას და აქვს პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგებიც.

თუ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებით კონფლიქტი ამოიწურა და არ მოჰყვა სერიოზული გართულებები, ჩვენ უნდა ველოდოთ რეგიონში დიდ საინვესტიციო აქტივობებს, რადგან არასტაბილურ რეგიონებში, დიდი ეკონომიკური პროექტები არ იწყება და ასე იყო წლების განმავლობაში ჩვენი რეგიონი. ასე რომ, ამით სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მომხიბვლელობა გაიზრდება“, -ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი გუშინ განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ კონტექსტსაც აფასებს.

,,რუსი სამშვიდობოების გამყოფ ზოლზე დადგომა იქნება გარკვეული გარანტი იმისა, რომ ომის ცხელი ფაზა დასრულებულია. ბუნებრივია, ლოკალური ინცინდენტები გაგრძელდება და სომხეთშიც მოსალოდნელია შიდა პოლიტიკური რყევები და კრიზისი, რისი ნიშნებიც გუშინ გვიან საღამოდანვე აშკარად გაჩნდა.

ტერმინოლოგიაში და კაზუისტიკაში არ შევალ, მაგრამ ყარაბაღი საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია და ანალოგიური საკითხი, როგორიც არის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსათვის. ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები არის ეკონომიკურ რისკებთან დაკავშირებული, მაგრამ მიზეზის გამო, რომელიც მოგახსენეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის დაბრუნება და ომის დამთავრება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით რუსეთის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები წყდება და რეგიონში „რუსი სამშვიდობო მისია“ განლაგდება. ამასთან, ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

თამარ მუკბანიანი