„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“

„ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ, არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა“, - ამის შესახებ “აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი კოვიდით გამოწვეული რეგულაციები და ის კრიზისია, რომლის გამოც, ბიზნესი სამომავლოდ ვეღარ იგეგმება.

„უნდა არსებობდეს კონკრეტული გეგმა, თუნდაც რას აპირებს მთავრობა 2021-ში. პირდაპირ გეუბნებით, მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. მე არ ჩავთვლი იმ „პიარ“ შეხვედრებს, როდესაც ამბობენ, ოჯახებს 200-ლარიანი შეღავათები დაურიგდებათო. რა თქმა უნდა, სოციალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკაში თუ ინვესტიცია არ ჩაიდო და ქვეყანა ეკონომიკურ რესტრატზე არ დადგა, არც ის 200 ლარი (რომელიც ჩვენი დამატებითი ვალდებულებების ხარჯზე გაიცემა), რეალობას ვერ შეცვლის.

არ მინდა დავამძიმო სურათი, მაგრამ ჩვენ რეალურად პრობლემის წინაშე ვართ. ვერ ვგეგმავთ მომავალი წლის ბიუჯეტს. 1500-ზე მეტი თანაშრომელი გვყავს და ახლა უკვე ნოემბერში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე (რომელსაც როგორც ვუყურებ, საკმაოდ დამძიმდება), მოგვიწევს ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ბიზნესი ცხოვრობს თვიდან თვემდე, ეს ნიშნავს, რომ იქ ეკონომიკაში ვერც ინვესტიცია და ვერც განვითარება ვერ მოხდება. ბევრი პარტნიორი უარს ამბობს არა თუ მომავალ ინვესტიციებზე, არამედ, არსებული ბიზნესებიდან უნდათ გასვლა. დღესვე არიან თანახმა, რომ რაღაც ფორმაზე შევთანხმდეთ და მომავლი წლის განმავლობაში გავიდნენ, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ. კოვიდი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანა გეგმავს როგორ უნდა მართოს ეკონომიკა. ჩვენ ქვეყანაში კოვიდის დროს ვიგეგმავთ თუ როგორ უნდა მოვკლათ ეკონომიკა. უტრირებას ვახდენ, მაგრამ რეალობაში ასე აისახება“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული, რომ ობიექტების ნაწილის დახურვა და თანამშრომლების გაშვება მოხდეს.

„თუ 1-წლიან გეგმას არ ვდებ, საბანკო რესურსზე წვდომაც არ მაქვს. იმიტომ, რომ არცერთი ბანკი არ მოგცემს სესხს, თუ არ ეუბნები, როგორ აპირებ მინიმუმ ერთი წელი ცხოვრებას, როგორც ხარჯვით ნაწილში, ისე შემოსავლებში. ამიტომ, გამოდის, რომ ვერ ვიგეგმები ანუ, 2 კვირის მერე, დეკემბერში რომ შევხვდეთ, შეიძლება, გითხრათ, რომ მოგვიწია ობიექტების 30%-ის დახურვა, ან რაღაც ნაწილი თანამშროლების გაშვება. იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი წვდომა მომავალ ერთწლიან პროგონოზზე არ გვაქვს, იმიტომ, რომ ქვეყანასაც არ აქვს. და, თუ ქვეყანას აქვს, ჩვენთან არ არის კომუნიკაცია“,-განაცხადა კახა ხაზარაძემ.

ნინი ქეთელაური