კოვიდსასტუმროში მოთავსებული პაციენტებისთვის ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზების ჩატარება დაიწყო, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულების შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას ექიმი იღებს

კოვიდსასტუმროში მყოფი პაციენტებისთვის ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზების ჩატარება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განუცხადა, პაციენტებს ორივე ანალიზი კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე უტარდებათ.

რაც შეეხება ბინაზე მყოფ პაციენტებს, მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული პირისთვის კვლევების ჩატარების საჭიროების საკითხს ოჯახის ექიმი წყვეტს და ის ყველასთვის სავალდებულო არ არის.

„ბინაზე მყოფ პაციენტებს ექიმის დანიშნულებით ჩაუტარდებათ ის კვლევები, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ და დაუნიშნავს. ყველას ნამდვილად არ სჭირდება. არსებობს ბინაზე მართვის პროტოკოლი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და ექიმი ამ პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევებით იხელმძღვანელებს. მთავარი არის ის, რომ კვლევების დანიშვნა ექიმის გადაწყვეტილებით ხდება.

კოვიდსასტუმროში მოხვედრილ პაციენტებს კი მაშინვე უტარდებათ ე.წ. D დიმერი და სისხლის საერთო ანალიზი, შემდეგ ის კვლევები, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ“, - განაცხადა ეკა ადამიამ.