ვინ ფლობს და რა მოგებაზე მუშაობს „თბილისი ენერჯი“

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“, რომელიც დედაქალაქის მოქალაქეებს ემსახურება, გასულ წელს მოგებაზე გავიდა.

კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგება 81,027,063 ლარი იყო; მაშინ 2018 წელს კი კომპანიის ზარალი - 17,926,720 ლარი იყო.

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 2019 წელს - 308,940,918 ლარი; გაყიდული საქონლის თვითღირებულება - 282,851,924 ლარი; საერთო მოგება - 26,088,994 ლარი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში „თბილისი ენერჯი“ 161,182,444 ლარის აქტივებს ფლობდა, საკუთარი კაპიტალი კი - 69,830,049 ლარს შეადგენდა.

„2018 წელთან შედარებით 2019 წელს გაზრდილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა, რამაც გამოიწვია ამონაგებისა და გაყიდული საქონლის თვითღირებულების ზრდა. ამონაგების ზრდა ასევე განაპირობა 2019 წლის თებერვლიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაზრდამ. ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასები კომპანიისთვის აშშ დოლარში განისაზღვრება, ხოლო გასაყიდი ტარიფი ლარში, შესაბამისად ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მერყეობა კომპანიაზე დიდ გავლენას ახდენს. 2018 წელთან შედარებით შემცირდა ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი დოლარში, თუმცა ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა შესყიდული ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე.

2019 წელს კომპანიამ ჩამოწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანება 106,008,000 ლარის ოდენობით, შედეგად გასულ წელთან შედარებით სხვა არასაოპერაციო შემოსავალი 2,638%-ით გაიზარდა.

2019 წლის ივლისამდე კომპანიის ბალანსზე აღირიცხებოდა მშობელი კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულებები დოლარში. როგორც უკვე ავღნიშნეთ 2019 წლის განმავლობაშილარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, შედეგად კურსთაშორის სხვაობით მიღებულიზარალი 146%-ით გაიზარდა.

მშობელი კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულებებიშეთანხმების საფუძველზე 2019 წლის ივლისში ჩამოიწერა. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 81,027,063 ლარი შეადგინა, 2018 წელს დაფიქსირებულ წმინდა ზარალთან შედარებით“, - აღნიშნულია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ცნობისათვის, 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შეისყიდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიამ შპს „ვოლთბეი“, რომელიც დარეგისტრირებულია მარშალის კუნძულებზე 2016 წლის 30 აგვისტოს. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე იყო საქართველოს მოქალაქე - ხვიჩა მაქაცარია. 2019 წელს კომპანიაში 50%-იანი წილი შეისყიდა Weco investment and finance S.A.-მ.

თაია არდოტელი