UNDP - საქართველოს შვიდ რეგიონში 480 ქალი სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს

480 ქალი საქართველოს შვიდ რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს. როგორც UNDP-დან იუწყებიან, ამ დახმარების გამოყენებით, ქალები შეძლებენ ფერმერული საქმიანობის განხორციელებას, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის პანდემიურ ვითარებასთან ადაპტაციისა და ამ ვითარების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობა იქნება. 10 ტონა სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალება, ისევე როგორც შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობა, უკვე დარიგდა იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოფლების 300-მდე შინამეურნეობაში. მომავალი კვირების მანძილზე, UNDP-ის მხარდაჭერა კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე გავრცელდება, სადაც დახმარებას 180 შინამეურნეობა მიიღებს.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფორმით ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რაც უმეტესწილად არაკომერციული სახეს ატარებს და შინამეურნეობებისთვის საკვების დამატებით წყაროა სხვა შემოსავლებთან ერთად. პანდემია უარყოფითად აისახა საქართველოს შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორსა და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთა დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ. შექმნილ ვითარებაში, ბევრმა სოფლად მცხოვრებმა ოჯახმა, შემცირებული შემოსავლის შესავსებად, სწორედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მიმართა. UNDP-ის დახმარება მიზნად ისახავს მოწყვლადი შინამეურნეობების ხელშეწყობას, რომელთაც ხშირად რესურსი არ ყოფნით იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას მისდიონ.

UNDP-ის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობით თავის გატანა ყოველთვის რთული იყო, პანდემიამ კი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„თუმცა, ბევრი ოჯახი ფერმერობას მაინც უფრო იმედიანად უყურებს, ვიდრე დასაქმების სხვა სექტორებს, სადაც დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ქალებისთვის, საგრძნობლად შემცირებულია კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ჩვენი დახმარებით, მოწყვლად შინამეურნეობებს მეტი შანსი ექნება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში“,- განაცხადა მან.

გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დახმარების საბაზისო პაკეტი, რომელიც გამოსადეგია მრავალი სასოფლო სამეურნეო კულტურისთვის და ფართოდ გამოიყენება საოჯახო მეურნეობაში. საბაზისო პაკეტები გადაეცათ შინამეურნეობებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან, მარტოხელა მშობლებს, დევნილებს, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და მოწყვლად ოჯახებს. დახმარების გავრცელებაში უშუალოდ ჩართული იყო საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაცია, ხოლო მისმა მთლიანმა ღირებულებამ 69,000 აშშ დოლარს მიაღწია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა საქართველოს უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ. გაეროს დახმარების მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან. ამ მხარდაჭერის სამი ძირითადი სამიზნე ჯგუფი - ჯანდაცვის მუშაკები, საჯარო მოხელეები და მოწყვლადი ხანდაზმული მოსახლეობა, საქართველოში ძირითადად ქალებითაა წარმოდგენილი. გასული თვეების მანძილზე, UNDP-მ უკვე გაუწია დახმარება მუნიციპალურ თავშესაფრებს თბილისში, რუსთავსა და სამტრედიაში, სადაც 200-მდე მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. ამ საქმიანობის მართვა ხორციელდება 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის დაფინანსებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.