რესტორნების სამზარეულოდან მიტანის სერვისი ღამის საათებშიც დაშვებულია, თუმცა თანამშრომლებზე სპეციალური საშვების გაცემა ჯერჯერობით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. რესტორატორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობას საშვების გაცემა რატომღაც „ეძნელება“.
„ჩვენ, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ არ მოხდეს ძალდატანებით ვინმეს სამსახურში დატოვება და დაიშვას საშვები რესტორნის სამზარეულოს პერსონალზე - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორტა ასოციაციის დამფუძნებელმა განაცხადა.
კოტე გაბირჩიძის თქმით, რადგან დაშვებულია მიტანის სერვისის მუშაობა, ობიექტების ნაწილმა კანონში ,,ხვრელი“ ამ სახით იპოვა.
,,დაშვებულია მიტანის სერვისის მუშაობა, თუმცა რესტორნების ფუნქციონირება 10 საათის შემდეგ, არა. ამიტომ, კვების ობიექტების ნაწილმა, მაგრამ არა რესტორნებმა, იპოვა კანონში „ხვრელი“, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში გადაადგილების შეზღუდვასთან. თუ ობიექტი პერსონალს ტოვებს დილის ხუთ საათამდე, ამით არ არღვევ კანონს, რადგან არ გამოდიან გარეთ. მიტანის სერვისი მუშაობა ისედაც დაშვებულია. იმ შემთხვევაში კი, თუ საკუთარი მიწოდების სერვისის გაქვს, უნდა მიმართო ეკონომიკის სამინისტროს და მიიღო საშვი.
ჩვენ, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ არ მოხდეს ძალდატანებით ვინმეს სამსახურში დატოვება. მით უფრო, რომ მიწოდების სერვისი ზოგს აქვს მხოლოდ 12 საათამდე, ან 3 საათამდე. ამიტომ ვმუშაობთ, რომ სამზარეულოს პერსონალზე მოხდეს საშვების გაცემა და მათ ჰქონდეთ საშუალება წავიდნენ სახლებში. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მარტივია, მაგრამ რატომღაც სახელმწიფოს განხორციელების პროცესი ეძნელება“, - განაცადა ,,რესტორატორთა“ ასოციაციის დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე შეიზღუდება გადაადგილება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. გადაადგილების აკრძალვა არ ეხება მიტანის სერვისს.