კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში განაცხადა.
კობა გვენეტაძემ ინტერვიუში ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები. როგორც მან პანდემიის ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასებისას განაცხადა, სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მომზადებული შეხვდა შოკს.
„მომზადება ნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო სწრაფად მოეპოვებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მხარდაჭერა, ჩვენი საბანკო სისტემა ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების თვალსაზრისით. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნები შეგვემსუბუქებინა, ასევე მოგვეთხოვა მათთვის შეექმნათ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არა აქტივების ანალიზის, არამედ სტრეს-ტესტების მიხედვით, რათა განგვესაზღვრა საბანკო სისტემის შესაძლო დანაკარგი. სესხების შესაძლო დანაკარგების სასესხო პორტფელის 3%-ის ოდენობით დარეზერვების შემთხვევაშიც კი, საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზირებული რჩება და მას ლიკვიდობის პრობლემა არ ექმნება, რაც საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სისტემას გასცეს სესხები ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. აღნიშნული შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სადაც განვიხილავდით თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძირითადი თემა იყო ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა. რა თქმა უნდა რამდენიმე ინდიკატორი გაუარესდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით უფრო მაღალი მიმდინარე წელს, წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ რომ შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას და ერთ ან ორ წელიწადში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით“,-აღნიშნა მან.