„ახალ წამლებზე ან ვაქცინებზე, როდესაც ვსაუბრობთ, მოვუწოდებ მოსახლეობას ძალიან ოპტიმისტურად არ უყურონ ამ ამბებს, რადგან ხშირად ეს ამბები ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ფინანსური ინტერესებითაა განპირობებული“.
ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„კოვიდ-ვაქცინასთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Pfizer-მა ფაქტობრივად, 1 დღეში იშოვა 82 მლრდ დოლარი. მე ვნახე მათი დოკუმენტი, სადაც ბევრი უზუსტობა და ზოგადი ინფორმაციაა, რის გამოც თავს შევიკავებდი ამ ვაქცინებზე საუბრისგან. სანამ არ გვექნება კონკრეტული წამალი, რომელიც დამტკიცებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ Pfizer-ის ვაქცინას, 2 დღის წინ გამოვიდა ახალი კვლევა, რომ იმუნიტეტი მარტო 5 თვიანი იქნება ანუ მისი ვარგისიანობა იქნება მხოლოდ 5 თვე. ანუ ორჯერ მოგიწევთ ვაქცინის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ ორჯერ უნდა წახვიდეთ, სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არის ძალიან საშიში და იქ შეიძლება დაგემართოთ კოვიდი. ჩვენთან სამედიცინო დაწესებულებები არაადეკვატურად არის აღჭურვილი და ადეკვატურად არ აქვთ დაცული შიდაჰოსპიტალური ინფექცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაქცინის გაკეთებიდან მხოლოდ 28 დღის შემდეგ იქნებით დაცული და ამის შემდეგ მხოლოდ 5 თვე გექნებათ იმუნიტეტი, მერე კი ხელახლა უნდა გაიაროთ იგივე პროცესი.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის ძალიან სუსტი. იმიტომ რომ შიგნით მთავარი ფუნდამენტები აკლია. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვა საქართველოში არ არსებობს. ეს არის პირველი რგოლი რაზეც დგას ეპიდემიებთან ბრძოლა და ეს არ გვაქვს. ეპიდემიოლოგიური სამსახურები იმ დონეზე რაზე უნდა იყოს არა გვაქვს, ანუ ერთადერთი გამოსავალია რომ ჩავიკეტოთ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვარ ეკონომისტი, ეს მათი საქმეა როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, თუმცა, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის პრევენცია, რადგან წამალი და ვაქცინა საქართველოში ახლო მომავალში არ იქნება და ერთადერთი გამოსავალი არის - პირბადე, დისტანცია და ჩაკეტვა. სხვა გზა არ არის,“-განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. კომპანიები აცხადებენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.