კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ნიუ-იორკში ახალი შეზღუდვები დაწესდება. ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ შეზღუდვები კორონავირუსის მეორე ტალღის შეჩერების „უკანასკნელ შანსად“ შეაფასა.
"ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია, მეორე ტალღის შესაჩერებლად. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ახლა უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ბილ დე ბლაზიომ.
ახალი წესების თანახმად, რომელიც ძალაში მიმდინარე კვირის პარასკევიდან შედის, ბარები, რესტორნები და სპორტდარბაზები 22:00 საათისთვის დაიხურება, საზოგადოებრივ ადგილებში კი 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება. ბილ დე ბლაზიოს თქმით, თუკი გავრცელების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, ქალაქის საჯარო სკოლის სისტემა დაიხურება და მოსწავლეები სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
მისი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ქალაქში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 94 პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.