Pfizer -ის დირექტორმა 5,6 მილიონის დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის აქციები 5,6 მილიონ დოლარად გაყიდა. მან აქციებზე ფასის ზრდით ისარგებლა და ისინი მისი ღირებულების პიკზე გაყიდა - წერს Fox News.

ტელეკომპანიის ცნობით, Pfizer-ის დირექტორმა დაახლოებით 132,5 ათასი აქცია გაყიდა. იმ დღეს ამ კომპანიის აქციებზე ფასმა 15%-ით მოიმატა და ცალზე 41,94 დოლარი შეადგინა. ამ მომენტისთვის კი მისი ფასი 38,83 დოლარია.

როგორც ცნობილია, Pfizer-ის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ წარმატებულად გაიარა ტესტები, აღნიშნულმა კი კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად გააძვირა. კომპანიის ცნობით, მათი ვაქცინის გამოყენება 90%-ით ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს. ამ დროისთვის ორივე კომპანია აპირებს მიმართოს მარეგულირებელს მათზე ნებართვის გასაცემად.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინაზე 170 პროექტი მუშაობს.

კოკა კვირკველია