გიორგი გახარია - მთავრობა ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზას იწყებს

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 2021 წლიდან სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება.

„ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს, 2021 წლიდან იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზას იწყებს.

„საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ ახალი ტალღის უკვე მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. რამდენიმე უკვე აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის - ეს არის მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მხარდაჭერის, მიზნობრივი მხარდაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, და ასევე, ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნეს სექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური საკითხებისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ.