ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარმოადგენდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფს და ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების სქემაში. ა.ა. დროებით საცხოვრებელ სახლში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენებით ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“ და შემდეგ მის რეალიზაციას ინტერნეტით ახდენდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ასევე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ე.წ. ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა, ა.ა.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან, სულ ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, აგრეთვე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი. ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით და 266-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.