ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ და ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევის“ საკითხი პარლამენტში შესვლასა და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე გადის.
„დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე ვერ შეჯერდნენ, მგონია, ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ, რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, ამ პანდემიისა და კრიზის პერიოდში, როგორც არასდროს. თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება ხოლმე, ავტომატური მოდელი ერთვება, არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო იძენს ბიუჯეტი მნიშვნელობას, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და 2021 წლისთვის ამ სწორ განაწილებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ეს ეხება ბევრის არსებობასა და ყოფას. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა და როცა ამბობენ, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ და მათ შორის ოპოზიციიდან ისმის, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, როცა ოპოზიცია საუბრობს დიალოგზე, მაგრამ ულტიმატუმით საუბრობს, ეს ერთმანეთს გამორიცხავს და იგივეა როგორც „ცხელი თოვლი“.