2020 წლის მეორე კვარტალის 29-მილიონიანი ზარალის შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მესამე კვარტალი 12,719 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 69,417 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, მესამე კვარტალში 1,394 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, რაც მეორე კვარტალთან შედარებით თითქმის 55 მლნ ლარით მეტია. მე-2 კვარტალში აქტივები 1,339 მლრდ ლარს შეადგენდა.
მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა მისო-ების მთლიანი საპროცენტო შემოსავალიც და მესამე კვარტალში 205,488 მლნ ლარი შეადგინა (მე-2 კვარტალში - 137,513 მლნ ლარი) მთლიან საპროცენტო შემოსავალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 184,229 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 5,737 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 13, 047 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.