„ეს ჯიხურები მე კი არა, მოსახლეობას სჭირდება“  - „ჩირინამ“ მერიას შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

თბილისის მერია და კომპანია „ჩირინა“ („ბიუ-ბიუს“ ბრენდი) კვლავ დავაში არიან. როგორც კომპაანიის ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მერია ჯიხურების შემცირებას ითხოვს, რასაც „ბიუ-ბიუ“ სასამართლოში გაასაჩივრებს.

რევაზ ვაშაკიძის თქმით, მერიის მოთხოვნა მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდგება, რადგან აღნიშნული ჯიხურებით ყოველდღიურად დაახლეობით, 20 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ ჯიხურების გადატანასთან დაკავშირებით „ბიუ ბიუ“ და თბილისის მერია 2018 წლიდან ვერ თანხმდება. მაშინ დედაქალქის მერი, კახა კალაძე აცხადებდა, რომ კომპანიას ხუთწლიანი იჯარის ვადა ამოეწურა. მერიაში აცხადებდნენ, რომ „ბიუ-ბიუმ“ დედაქალაქის მერიაში იჯარის გაგრძელება იმავე ადგილებში მოითხოვა, რაც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მიზანშეზონილად არ მიიჩნია. შესაბამისად, მერიის ინფორმაციით, კომპანიას მიეცა წინადადება ისეთი ალტერნატიული ადგილების მოძიების შესახებ, რომელზეც მუნიციპალიტეტს პრობლემა არ ექნება.

აღნიშნულ საკითხზე მერიაში შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა.

„ჩვენ გვქონდა მერიიდან განკარგულება, რომ ჯიხურები შეგვემცირებინა, მაგრამ ისევ გარკვევის პროცესში ვართ. ჯერ მერიაში ვიჩივლებთ, მერე სასამართლოში წავალთ. ეს ჯიხურები მე კი არა, მოსახლეობას სჭირდება. დაახლოებით, 20 ათასამდე ადამიანი დადის ყოველდღიურად ჩვენს ჯიხურებში და თუ ჩვენ მათ რაოდენობას შევამცირებთ, ბუნებრივია, ეს მოსახლეობისთვისაც ცუდი იქნება. მათი ინტერესიც ხომ უნდა იყოს გათვალისიწინებული?! ჯამში დაახლოებით, 65- მდე გაყიდვის წერტილი გვაქვს“,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ნინი ქეთელაური