კრიზისისი დროს არაქსელური სუპერმარკეტების გარეშე ადგილობრივ მეწარმეებს გასაღების არეალის პოვნა ძალიან გაუჭირდებოდათ - ამის შესახებ ქართული მაღაზიების ასოციაციის დამფუძნებელმა, ლუკა ჭელიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ლუკა ჭელიძე მცირე მაღაზიებზე პანდემიის გავლენაზე და ბაზარზე მათი ფუნქციონირების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
,,უნდა ითქვას, რომ სამედიცინო სექტორის შემდეგ, მაღაზიების პერსონალს აქვს ყველაზე მეტ ადამიანთან შეხება და შესაბამისად, ისინიც არიან მთავარი რისკ ჯგუფი. რაც შეეხება გაყიდვების ზრდას, რა თქმა უნდა, გაზრდილია რეალიზაცია. ეს განაპირობა იმან, რომ მოსახლეობა იმარაგებდა და იმარაგებს პროდუქციას. თავიდან იყო პანიკური შესყიდვები, შემდეგ ეს უფრო დასტაბილურდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგულაციები, რომლებიც დღემდე ძალაშია, დამატებითი ხარჯია მაღაზიების მფლობელებისათვის. ხშირად იყო ისე, რომ პირველი ტალღისას სხვადასხვა დონორებისგან მოპოვებული სახსრებით ჩვენ თავად ვიძენდით და გადავცემდით კორონავირუსის საპრევენციო საშუალებებს მაღაზიებს. სიტუაციამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია ქსელურთან ერთად ბაზარზე იყოს არაქსელური მარკეტებიც. კრიზისის დროს, რომ არა მცირე მაღაზიები, პროდუქტზე ხელმისაწვდომობა იქნებოდა ბევრად ნაკლები“-ამბობს ჭელიძე.
მისივე თქმით, კრიზისმა არაქსელური სუპერმარკეტების აუცილებლობა მეტად გამოაჩინა, რომელთა გარეშეც ადგილობრივ მეწარმეებს გასაღების არეალის პოვნა ძალიან გაუჭირდებოდათ.
,,არაქსელური სუპერმარკეტები ხშირად ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შეძლება მცირე, საშუალო და ადგილობრივი მეწარმის პროდუქცია გაიყიდოს, კოლოსალური თანხების გადახდის გარეშე. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პროდუქციის შეტანის გადასახადს. ეს არის შემდეგი ქეშბექის სისტემა, აქციის სისტემა, რომლის დროსაც თუ წყვეტა დაფიქსირდა, მეწარმე ჯარიმდება.
თუ ჩვენ ვართ ორიენტირებული ადგილობრივ წარმოებაზე, უნდა არსებობდეს პლატფორმაც, სადაც შექმნის და შემდეგ გაყიდის მეწარმე პროდუქციას. შეუძლებელია, 90-დღიან საგადახდო პერიოდს გაუძლოს ბიზნესმა, რომლის ბრუნვაც 30 000 ლარია და სახელმწიფო გრანტით ამუშავდა. ეს პირობები რადიკალურად განსხვავებულია არაქსელურ სუპერმარკეტებში, სადაც 21 დღეზე მეტი გადახდის პირობები არ არის. კრიზისმა გამოიწვია ის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე აღარ არის კონსიგნაცია და პირდაპირ ქეშით ხდება გადახდა. ამ ყველა ფაქტორის გამო მგონია, რომ მოხდება სეგმენტაცია, გამიჯვნა ქსელური და არაქსელური მარკეტების, რის შემდეგაც თავისუფალ ბაზარზე თავად აირჩევენ მეწარმე სუბიექტები, ვის რა პირობებში შეუძლია მუშაობა“, - თქვა ლუკა ჭელიძემ ,,საქმეში“.