2020 წელი ლარისთვის ანტირეკორდების დამყარების წელია. ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან გაუფასურების ანტირეკორდს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში მიაღწია, როცა 1 აშშ დოლარი დაახლოებით 3,48 ლარი ღირდა.
ამის შემდეგ ლარმა შედარებით გამყარება დაიწყო და თითქოს ახალი წონასწორული წერტილი იპოვა, კერძოდ, ივლისიდან მოყოლებული აგვისტომდე ერთი ამერიკული დოლარი 3,07 ლარად ივაჭრებოდა. თუმცა შემდგომში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ლარმა ისევ დაიწყო გაუფასურება და უკანასკნელი კვირის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარი 3,28 ლარიდან 3,40 ლარის ფარგლებში ივაჭრება.
ლარის ასეთ მკვეთრ გაუფასურებას ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ, რამაც ჩვენ ეკონომიკაზეც უარყოფითად იმოქმედა. ეს პათოსი ნამდვილად მართებულია, რადგან კრიზისის ფონზე ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის, გამომდინარე იქიდან, რომ შემცირებულია ტურიზმი, რომლის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 10%-ია, ასევე გაუარესებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსიც. მიმდინარე ანგარიში მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ბალანსი უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის. როცა ანგარიშის დეფიციტი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დოლარი შემოდის ქვეყანაში, ან უფრო მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან, ან ორივე ერთად. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ვალუტაზე თავისი უარყოფითი ზეგავლენა იქონია. ამას ემატება მოსახლეობაში მომავლის მიმართ გაურკვევლობის განცდა, რაც მათ აიძულებს ხელში ეჭიროთ ისეთი ვალუტა, რომელიც კრიზისულ გარემოში ყველაზე მდგრადი იქნება. ასეთი ვალუტა კი დოლარია და არა ლარი. შესაბამისად, იზრდება დოლარზე მოთხოვნა და გვიძვირდება კიდეც იგი.
მიმდინარე წელს ლარის ასეთ არასტაბილურობაზე ზემოთ უკვე დავწერეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლარი არც წინა წლებში იყო სტაბილური. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან დაახლოებით 20 პუნქტით გაუფასურდა და წლის ბოლოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2, 87 ლარი იყო. არადა 2019 წელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა, განსხვავებით წლევანდელი მოცემულობისგან, პირიქით, გასულ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა დაახლოებით 897 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-ს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. ანუ გამოდის, რომ ქვეყანაში სავალუტო ბალანსს იმაზე უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა, ლარი მაინც გაუფასურდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა შეიძლება ყოფილიყო ლარის გაუფასურების მიზეზი მაშინ, როცა ფუნდამენტური ფაქტორები, როგორც აღვნიშნე, მწყობრშია.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ ამხსნელ ფაქტორად შეგვიძლია ქვეყანაში არსებული ფულის მასის ზრდა დავასახელოთ.
რას გვიჩვენებს სტატისტიკა
ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობით დგინდება. როდესაც ეკონომიკაში ლარის მოცულობა იზრდება, ეს აუარესებს ბალანსს ლარისა და დოლარის მასებს შორის. ანუ სასწორის ერთ მხარეს გვაქვს ბევრი ლარი, ხოლო მეორე მხარეს - ცოტა დოლარი. ასეთი დროს, ბუნებრივია, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს, რაც მოხდა 2019 წელს, როდესაც ფულის მასა ეკონომიკაში დაახლოებით 23%-ით გაიზადა.
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ფულის მასამ ეკონომიკაში 11,495 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,255 მილიარდი ლარით მეტია 2018 წლის დეკემბერთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ფულის მასის მოცულობამ მშპ-ს 23%-ს მიაღწია, მაშინ როცა 2018 წელს ფართო ფული (M2) აგრეგატის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 19.6% იყო, ხოლო 2017 წელს 20.5%. ფულის მასის ზრდა გრძელდება 2020 წელსაც, კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში ფართო ფულის (M2) მასამ 13.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
თუმცა ეროვნულ ბანკში გვეუბნებიან, რომ ფულის მასის ზრდა გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფულის მასის ზრდა ლარის გაუფასურებასთან არაფერ შუაშია, რადგან შეიძლება არსებობდეს სხვა ფაქტორები, რომლებმაც ლარის გაუფასურება გამოიწვიონ. მათი დასკვნით, გაცვლითი კურსის დევალვაციის ასახსნელად ფულის გაზრდილი მასის არგუმენტის გამოყენება არ არის სწორი და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
როდესაც ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ კურსის გაუფასურება არ შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის მოცულობის ზრდის მიზეზი და მასზე სხვა ფაქტორები ახდენდეს გავლენას. ეროვნული ბანკს კი დღემდე არ წარმოუდგენია გათვლებით დასაბუთებული კვლევა იმის შესახებ, რომ ფულის მასის ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის კორელაცია უბრალოდ შემთხვევითობაა და მეტი არაფერი.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე