თურქეთი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას გეგმავს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.
„კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვაპირებთ, ავაშენოთ სარკინიგზო მაგისტრალი ნახიჩევანის მიმართულებით. წინასწარი კვლევითი სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა ადილ კარაისმაილოღლუმ.
შეგახსენებთ, 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიანი ყარაბაღი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმება, სხვა პირობებთან ერთად, აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნასაც ითვალისწინებს.