ბოცვანას კაროვეს მაღაროში ნაპოვნია 998-კარატიანი ალმასი. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი კომპანია Lucara Diamond-ზე დაყრდნობით წერს. სწორედ ამ კომპანიამ აღმოაჩინა ეს ძვირფასი ქვა. წონის მიხედვით ის მსოფლიოში ნაპოვნი უმსხვილესი საიუველირო ალმასების ოთხეულშია.
მაღარო "კაროვე" ცნობილია მისი უნიკალური ალმასებით. 2019 წელს აქ 1758-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vitton-მა შეიძინა. წონით ის მხოლოდ 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნაპოვნ ალმასს - ლეგენდარულ „ქულინანს“ ან „აფრიკის ვარსკვლავს“ ჩამოუვარდება, რომლის წონა 3106 კარატია. მისი ყველაზე მსხვილი ნატეხისგან დამუშავებული ბრილიანტი ამშვენებს ბრიტანეთის მონარქების გვირგვინს.
2015 წელს კაროვეს მაღაროში მოიპოვეს 1109-კარატიანი ალმასიც. ის 53 მილიონ დოლარად Graff Diamonds-მა შეიძინა. ახლა ნაპოვნი ალმასი კი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ნაპოვნ უმსხვილეს დაუმუშავებელ ალმასებს შორის.
ცნობისათვის, ბოცვანა აფრიკაში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოში მეორე - რუსეთის შემდეგ. 2019 წელს ამ აფრიკულ ქვეყანაში 23,6 მილიონი კარატი ალმასია ნაპოვნი, რომელთა ღირებულებამ 3,43 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ნაპოვნი ალმასების უმეტესობა არის საიუველირო უმაღლესი ხარისხის. ამ დროისთვის ბოცვანური ალმასის კარატის საშუალო ღირებულება 145 დოლარია, კანადურის - 91 დოლარი, ხოლო ავსტრალიურის - 12 დოლარი.