„ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო"

ევროკავშირი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან გამართული სატელეფონო საუბრების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა გადაუდებელი დახმარების სახით თითქმის 1 მილიონი ევრო უკვე გამოყო. როგორც ევროკავშირის ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრების დროს ჟოზეფ ბორელიმ მხარეებს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.

„ჟოზეფ ბორელიმ ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა სრულად უნდა იქნას დაცული და განხორციელებული ორივე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება, შესაძლოა, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე პირველი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.