5,622 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - რა შემოსავალი მიიღო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „გალერია თბილისმა“ 2019 წელს

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის სავაჭრო ცენტრმა „გალერია თბილისმა“, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, 2018 წლის ანალოგიურად, 2019 წელიც (პანდემიამდე პერიოდი) ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2019 წლის კონსოლიდირებული ანგარიშიდან ირკვევა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „გალერია თბილისი ჯგუფის“ შემოსავალი 33,711 მლნ ლარი; საოპერაციო მოგება - 16,121 მლნ; წლის მთლიანი ზარალი 5,622 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო - 192,229 მლნ ლარის გრძელვადიანი აქტივები.

„გალერია თბილისი ფლობს 100%-იან წილს შვილობილ კომპანიაში - შპს რია-რია (Ria-Ria LLC), ბავშვთა გასართობი ცენტრი სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ეკუთვნის შემდეგ კომპანიებს: შპს „მოვატ ჯორჯია“ (Mowat Georgia) (98.11%), სს „უნივერმაღი თბილისი“ (1.7%), შპს „კაფე თბილისი-5“ (0.19%). ჯგუფის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GCF LP - შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა კაიმანის კუნძულებზე.

2019 წლის ბოლოსთვის, შპს გალერია თბილისში დასაქმებული იყო 27 ადამიანი (2018 წლის ბოლოს 26), ხოლო შპს რია-რიაში კი - 40 ადამიანი (2018 წლის ბოლოს 30).

ცნობისთვის, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია „გალერია თბილისი“ საწარმოთა მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.