Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ბრენდის Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება კერძოდ კი: დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში.

სააგენტოს განცხადებით: ბრენდი Lost Eden შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანი არის ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ, რომელიმე ბაზარზე, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო ხუთი წელია, ექსპორტი სტაბილურად მზარდია და მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ავტორი: ფაკო ჭკადუა