ამირან გამყრელიძე - თუ პირბადის 95%-იან ტარებაზე ავალთ, პანდემია უკან დაიხევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სერიოზულად გაუარესდა, ყოველდღიურად 3 ათასი ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მარტივი არ არის.

„ყველაფერი კეთდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში იმისთვის, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს, დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია უკონტროლო არ გახდება. დიახ, ვადასტურებ, რომ გვაქვს ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, შემთხვევათა ზრდა. არ არის მარტივი საქართველოსთვის ყოველდღიურად 3 000 ახალი შემთხვევა, მაგრამ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა უძლებს ამ ზეწოლას. რომ შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა, ამიტომაც არის წერტილოვანი შეზღუდვები და ამიტომაც ყველა უნდა დავემორჩილოთ იმ ძირითად 5 რეკომენდაციას, რასაც ხშირად გიჩვენებთ- პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესების დაცვა, მათ შორის, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრები არა, ყველაფერი ღია სივრცეებში, დახურულში - არა.

თუ განსაკუთრებით პირბადის 95%-იან ტარებაზე ავალთ, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია და ეპიდემია უკან დაიხევს, არ გვეყოლება მძიმე შემთხვევები, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ, არ იქნება გარდაცვალების მზარდი მაჩვენებელი. მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, რთულია“,-განაცხადა გამყრელიძემ.