რა შემოსავალი აქვს და როგორია თემურ ჭყონიას „მაკდონალდსის“ ფინანსური მაჩვენებლები

2019 წელს „მაკდონალდსმა“ საქართველოში 99 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები გასულ წელს. ცნობისთვის, კომპანია, „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით საქმიანობს.

როგორც 2019 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ საოპერაციო შემოსავალი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 98 931 385 ლარი, ხოლო 2018 წელს - 80 327 285 ლარი იყო. კომპანიის მთლიანი სრული შემოსავალი კი საანგარიშო პერიოდში 4 970 282 ლარი იყო. ცნობისთვის, მთლიანი სრული შემოსავალი არის შემოსავალსა და ხარჯებს შორის არითმეტიკული სხვაობა.

რაც შეეხება მოგებას, 2019 წელს კომპანიის საოპერაციო მოგება იყო 5 833 404 ლარი იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2019 წლის ბოლოს, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 136 460 509 ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. კომპანია საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდსის“ კორპორაციის ფრანჩაიზს. 2019 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარდგენილი იყო თექვსმეტი რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი. 2019 წელს კომპანიამ გახსნა ორი ახალი რესტორანი თბილისში.

რაც შეეხება მფლობელებს, რეესტრის 2020 წლის ოქტომბრის ამონაწერით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ამავე დროს გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

თაია არდოტელი