ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელიც პანდემიის დროს ტურისტთა ჭარბ რაოდენობას ებრძვის

კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფეროს უმძიმესი დარტყმა მიაყენა და ერთ დროს ტურისტებით გადატვირთული ადგილები ახლა თითქმის სრულიად დაცარიელდა.

CNN-ის ინფორმაციით, დღესდღეობით ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც პანდემიის დაწყების დღიდან ტურისტული ბუმია, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში მყოფი ჩეტემის კუნძულებია.

კუნძულები ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულიდან აღმოსავლეთით, 800 კილომეტრში მდებარეობს და უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ქვეყანამ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ავიარეისები შეწყდა.

შესაბამისად, ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს საერთაშორისო ვიზიტების განხორციელება აღარ შეეძლოთ და მათმა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ქვეყნის შიგნით ემოგზაურა. შედეგად კი, ჩეტემის კუნძულებზე დამსვენებელთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა.

როგორც წესი, პანდემიამდე კუნძულებს, სადაც სულ 700 ადამიანი ცხოვრობს, წელიწადში საშუალოდ 2 000-მდე ადამიანი სტუმრობდა. წელს კი მათი რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და კუნძულებზე სასტუმროებში ადგილების დეფიციტი შეიქმნა.

გამოცემა წერს, რომ ახალ ზელანდიაში ტურისტული სეზონი ზაფხულის განმავლობაში, ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება, რის გამოც მომდევნო თვეებში ჩეტემის კუნძულებზე ტურისტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. Booking-ისა და Airbnb-ის მიხედვით, კუნძულის თითოეულ სასტუმროში ნომრები 2021 წლის ივნისის ჩათვლით მთლიანად დაჯავშნილია.

ბექა ბერიაშვილი