ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, 1 ნოემბრის მდგომარეობით, ივანიშვილის ქონება 5.55 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, 1 წელიწადში ივანიშვილის ქონება 75 მლნ დოლარით არის გაზრდილი. რეიტინგში ის 425-ე პოზიციას იკავებს.
„ბლუმბერგს“ ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.